
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები დასასრულს უახლოვდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "რუსთავი 2"-ის საქმეზე დასკვნითი სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
მხარეები სხდომაზე რეპლიკებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა. უცნობია, ლაშა ჩხიკვაძე განაჩენს დღესვე გამოაცხადებს, თუ გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეულ დროს აიღებს.
ნიკა გვარამიას პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს კომერციულ მოსყიდვას და კომპანიის თანხების გაფლანგვას ედავება.
"ნიკა გვარამიას პოლიტიკური მოტივაციით დევნის საქმის განხილვა დასკვნით ფაზაში გადადის, დარჩენილია მხოლოდ რეპლიკები და ბრალდებულების საბოლოო სიტყვა. ამის შემდეგ მოსამართლე გავა განაჩენის გამოსატანად. პრინციპში, არ ვიცით ეს როდის მოხდება. არ არის გამორიცხული დღესვე. თავიდან ბოლომდე სასამართლო დამოკიდებულია პოლიტიკურ დაკვეთაზე, შესაბამისად, რა დაკვეთაც იარსებებს როგორც განაჩენის შინაარსის, ისე მისი გამოცხადების დროის თვალსაზრისით, ზუსტად ისე, ძალიან თვინიერად აღასრულებს თბილისის საქალაქო სასამართლო", - თქვა ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.