ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ ჩოლეტი "მთავარი არხის" ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ცნობები საქართველოში არადემოკრატიული ტენდენციების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის შემაწუხებელია.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის განვითარების პროცესში.
"შეერთებული შტატები გააკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია: რომ დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიას ევოლუციასა და გაზრდაში და განსაკუთრებით, დავრწმუნდეთ, რომ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, დაცულია გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები. ჩვენ ერთგულნი ვართ საქართველოსთან ძლიერი ურთიერთობებისადმი. გვჯერა ყველაფერი იმის, რასაც ერთად მივაღწიეთ მრავალი წლის მანძილზე არამხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ ერთად ისეთ ადგილებში როგორებიცაა ერაყი და ავღანეთი. ასევე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ შეწუხებულები ვართ საქართველოში იმ ტრენდებით, იმ არადემოკრატიული მოვლენებით, რომლის შესახებაც ვიღებთ ცნობებს", - აღნიშნა მან.
"მთავარმა არხმა" ამერიკელ დიპლომატს ასევე ჰკითხა, რა იქნება აშშ-ს პასუხი თუ საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავიდან ასარიდებლად იქნება გამოყენებული, რაზეც დიპლომატმა ასე უპასუხა:
"უკრაინის ომის კონტექსტში გეტყვით, რომ ვაკვირდებით მოვლენებს რეგიონში და ვრჩებით მჭიდრო კონტაქტზე კოლეგებთან თბილისში... ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს რუსეთის დახმარებას სანქციებიდან თავის ასარიდებლად, დადგება შედეგები და ეს არის ის, რასაც ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით", - თქვა მან.
ენტონი ბლინკენის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასაც გამოეხმაურა:
"მიხეილ სააკაშვილის გარშემო შემქნილი ვითარება არის ის, რის შესახებაც პრესაში გავრცელებულ ცნობებს გულდასმით ვუწევთ მონიტორინგს და, რა თქმა უნდა, ველით, რომ მისი ან ნებისმიერი პატიმრის მიმართ მოპყრობა იქნება გარკვეულ ღირებულებებთან შესაბამისობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მხედველობაში იქნება მიღებული. მინდა გითხრათ, რომ ახლა საქართველოს შიგნით მომენტია ერთიანობისთვის. 2008 წლის მოვლენები, რომლებიც ახლა ადამიანთა მოგონებებში საქართველოსა და აქ, ამერიკაში ცოცხლდება, ტრავმულია საქართველოსთვის", - თქვა ჩოლეტმა.