"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, საკუთარ მეგობრებსა და მხარდამჭერებს მიმართა.
ნიკა გვარამიამ მათ მოუწოდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მასთან დაკავშირებით არასდროს არაფერი სთხოვონ:
"მინდა მივმართო ჩემს ყველა გულშემატკივარს, მეგობარს და ასე შემდეგ - არასდროს, არაფერი ჩემთან დაკავშირებით არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს. კატეგორიულად მოვითხოვ. ამას თუ გააკეთებთ, ეს იქნება ჩემი დამცირება და თავისუფლებაზე გამოსვლა კი არა, მონობაში გამოსვლა; რამეთუ არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლს თავისუფლებას ვერ მიანიჭებ; რამეთუ ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ჩვენ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ, ქართველ პატრიოტს მისგან არაფერი სჭირდება; რამეთუ ადამიანი რომელიც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებლის, მესამე პრეზიდენტის სიკვდილს უყურებს და იძახის რომ არა და არასდროს, ამ ადამიანს, ყველას მოგიწოდებთ, მისი მიმართულებით სიტყვა არ დაიძრას, არა და არასდროს! ეს არის ჩემი პოზიცია მისივე ციტირებით", - თქვა ნიკა გვარამიამ სხდომაზე.
ცნობისთვის, "რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი პროცესი გაიმართა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.