სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს - ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელმა და ასევე ბინძურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს - ასე აფასებს "ლელო საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენსა და მის დაპატიმრებას.

ხაზარაძის შეფასებით, გადაწყვეტილება, რომელიც დღეს სასამართლომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ხელისშემშლელია:

"ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას მიმართ არის პირდაპირი გზავნილი თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის დამყარების. ხელისუფლებას აქვს აუტანლობა კრიტიკული მედიის მიმართ,  ხელისუფლებას აშინებს მედიაპლურალიზმი. ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ლიდერების დევნა. ქვეყანაში არის დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რყევა და ხშირ შემთხვევაში მათი მოშლა.
დღევანდელი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება მძიმედ ხელისშემშლელი  ფაქტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ბრძოლის გზაზე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მუდმივად მოგვიწოდებენ პოლარიზაციის და პოლიტიკური ესკალაციის დასრულებისაკენ, რომელიც დღევანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ  კიდევ უფრო მეტად  შეიყვანა ჩიხში.
ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის და ქართულ ოცნებას გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული. ქართული საზოგადოების,პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო ინსტიტუტების ვალდებულებაა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი." წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი