
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საქალაქო სასამართლოს მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ გამოტანილი განაჩენი პრობლემურია როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით.
საიას განცხადებით, "მთავარი არხის" დირექტორის და წილის მფლობელის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას.
"ნიკა გვარამია გარდა იმისა, რომ არის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ის ასევე წარმოადგენს ამ კომპანიის დამფუძნებელს და გამოძიების დაწყების ეტაპზე ფლობდა „მთავარი არხის“ წილის 51%-ს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიება და სასამართლოს შედეგი არ წარმოადგენდა მხოლოდ კონკრეტულად ბრალდებული ნიკა გვარამიას მიმართ სამართლებრივი შედეგის მატარებელ საქმეს", - წერია განცხადებაში.
საიას განცხადებით, მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები არსებობდა, რადგან ის "რუსთავი 2-ის" მფლობელი ჰოლდინგის დირექტორის ზ. გ.-ის ბავშვობის მეგობარია.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
იხილეთ ასევე: