ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის მძევლად იქცა, რომელსაც ევროპის მოსაზრებები არ ანაღვლებს - იუკნევიჩიანე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ ქართველი ხალხი "ბიძინა ივანიშვილის მძევლად იქცა", რომელსაც ევროპის მოსაზრებები "საერთოდ არ ანაღვლებს".

ევროპელი დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელის პოლიტიკური მოტივებით დაკავება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

"მე არ ვიცი როგორი გამოხმაურება იქნება ევროკავშირისგან ზოგადად, მაგრამ საკუთარი მოსაზრება შემიძლია გითხრათ: მე ვსვამ კითხვას - ხომ არ არის ეს ბიძინა ივანიშვილის შეგნებული ქმედება, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს? იმიტომ, რომ ასეთი ქმედებები ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. არ შეიძლება ევროპისკენ მიდიოდე და ამავე დროს ისე იქცეოდე, როგორც პუტინი იქცევა თავის ქვეყანაში.

ეს არის ანტიდემოკრატიული გზა, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩემი პროგნოზით ევროპისგან არ იქნება კარგი რეაქცია და გარდა ამისა, საქართველო აფუჭებს იმას, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს. ამავე დროს, მე ვხედავ, რომ ჩვენი კრიტიკა არაფერს ნიშნავს და მგონია, რომ ივანიშვილს უბრალოდ არ ანაღვლებს ეს. ამიტომ, ახლა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ყველაფერი. შესაძლოა, სანქციებიც იყოს, მაგრამ არ გვინდა, რომ ქართველი ხალხი დავსაჯოთ. ისინი ახლა მძევლები არიან ადამიანისა, რომელსაც ევროპის მოსაზრებები საერთოდ არ ანაღვლებს", - ამბობს რასა იუკნევიჩიანე.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი