
ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა. პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის მოულოდნელობა არ ყოფილა:
"ეს არ ყოფილა მოულოდნელი მისთვის და ეს ვიცოდი იქამდე, ვიდრე განაჩენი გამოცხადდებოდა, ნიკა ელოდებოდა და დარწმუნებული იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიჭერდა. მას კარგად აქვს გააზრებული როგორ ექცევიან კრიტიკული ტელევიზიების დირექტორებს იმ ქვეყნებში, საითაც მიგვაქანებს სამწუხაროდ ივანიშვილი, ვგულისხმობ რუსეთსა და ბელარუსს." განაცხადა საძაგლიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ძირითადად საორგანიზაციო თემებზე ისაუბრეს. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში თუმცა არც მეორე ინსტანციის მხრიდან აქვს განსაკუთრებული მოლოდინები ნიკა გვარამიას.
"ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიების შენარჩუნება და არ უნდა გამოუვიდეს განსხვავებული აზრის ჩახშობა და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ არ გამოვა ტელეკომპანია მთავარის შემთხვევაში. ნიკაც ფიქრობს რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის და მეც მიმაჩნია, რომ ის გუნდი, რომელიც შექმნა ნიკა გვარამიამ ბევრად უფრო მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი და პროდუქტიული იქნება პროპუტინური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში" თქვა საძაგლიშვილმა.
რაც შეეხება შეწყალების საკითხს, ადვოკატის თქმით, პოზიცია უცვლელია:
"არც დასამატებელი არ გვაქვს არაფერი. ნიკა გვარამიამ ძალიან ცალსახად თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ უნდა სთხოვოთ არავინ არაფერი, ამაში იგულისხმება ცხადია შეწყალება." თქვა დიტო საძაგლიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.