
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, სასამართლო სისტემას ბოროტად იყენებს.
ამ თემაზე მან "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა დ აღნიშნა, რომ ვერდიქტი პოლიტიკურად მოტივირებულია.
"ვფიქრობ, მისმა ასოციაციამ "რუსთავი 2"-თან, მისმა პოლიტიკურმა პოზიციებმა და მისმა კრიტიკამ მთავრობისადმი ის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოახვედრა. ისინი [საქართველოს მთავრობა] ბოროტად იყენებენ სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულების სისტემას იმით, რომ მოსამართლეს გამოატანინეს პოლტიკურად მოტივირებული ვერდიქტი ოპოზიციის წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს უკვე მოქმედი მთავრობის ხელწერაა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს პრემიერ-მინისტრად ბატონი ღარიბაშვილი დაბრუნდა",- თქვა კრამერმა ამერიკის ხმასთან.
"ამერიკის ხმასთან" კრამერი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ახდენს გავლენას:
"ეს [დაკავება] არც პირველი შემთხვევაა და ვშიშობ, არც ბოლო იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს მომხდარს და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს საქართველოს ერთგულებაზე დასავლური, ევრო ორიენტაციისა და ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, ეს ძალიან ცუდი განვითარებაა, მისი უკეთესობისკენ შემოტრიალება კი წარმოუდგენელია".
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.