კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს საქართველო და ქართველი ხალხი "დიდად არ აღელვებს". ამ თემაზე მან "იმედის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ დასავლელ პარტნიორებში არის "პატარა ჯგუფი", "უცხოელი ნაცები", რომლებსაც "მთავრობის გადაყირავების სურვილი" აქვთ.
"ძალიან ბევრი ფაქტი და შეხვედრა მახსოვს, როცა უცხოელი შეურაცხყოფდა იუსტიციის მინისტრს, შეურაცხყოფდა მთავრობას და ეუბნებოდა, შენ არ იცი, მე ვიცი. ეს ბრალდება არაა, ბრალდება არის როცა ამას დამტკიცება სჭირდება. ბრალდებაა, მაგალითად გაიხსენეთ, როდესაც იგივე ქალბატონი ფონ კრამონი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საქართველო დიდად არ აღელვებს და არც ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ თავის ნაციონალ მეგობრებს გარედან მხარი დაუჭიროს, მზად არის, დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას, მიაყენოს ღია შეურაცხყოფა. ეს არ არის ბრალდება, ეს ფაქტია. ჩვენ ეს ერთად უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ, იმიტომ, რომ აქ არის დამოუკიდებელი საქართველო და ვემუშაოთ იმ ნამდვილ მეგობრებს და პარტნიორებს, რასაც "ქართული ოცნება" მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან აკეთებს, ვინც შეიძლება გვარებით და სახელებით საქართველოში არც არის ცნობილი, მაგრამ რამდენი ჩეხი, ბულგარელი, რუმინელი, პოლონელი, პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი, ყველა რანგის მახსოვს, რომ ჩვენს საქმეს, იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი მიგვეღო, ჩვენს მაგივრად საუბრობდნენ, იცავდნენ, რამდენი ფრანგი, გერმანელი მინისტრები ამბობდნენ, ამას თუ გააკეთებთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ", - თქვა წულუკიანმა.
ამავე ეთერში წულუკიანმა თქვა, რომ მგონი ვიოლა ფონ კრამონს თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმედი საქმე და "პირდაპირ დაკავებულია, პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში". იხილეთ ასევე: