
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა.
მთავრობის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. ვაგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.
მთავრობის ცნობით, აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა.
"შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში ამ დრომდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი და გრძელდება ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-თან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს", - წერია მთავრობის განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ დერეკ შოლემ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე გადაინაცვლა.