ქვეყნის ინტერესებშია, რომ მალე დასრულდეს ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იურისტები და პოლიტიკოსები მოინახულებენ. ცნობილია, რომ ციხეში შესვლას გეგმავს პარტია "ლელოს" დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი. 

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესებშია, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოლიტიკური პატიმრობა მალე დასრულდეს.

"როდესაც ჩვენ ველოდებით ევროკავშირისგან პასუხს ჩვენი გაწევრიანების მოთხოვნაზე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, ყველაზე კრიტიკული და ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების დირექტორის დაპატიმრება ისეთი აბსურდული ბრალდებით, როგორიც ამ შემთხვევაში იყო, არის უბრალოდ საბოტაჟი დასავლეთთან ინტეგრაციის და ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული.

ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ მალე დასრულდეს ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა, აქ არაა საუბარი მხოლოდ პიროვნების ბედზე, აქ არის საუბარი საქართველოს დასავლურ მომავალზე", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი