საქმე, რომელსაც არ აქვს სამართლებრივი დასაბუთება, სამაგიეროდ აქვს პოლიტიკური ნება - ანუ განაჩენი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ ნიკა გვარამიას გამოუტანა. "მთავარი არხის" დამფუძნებელი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით ციხეშია.
შეიწყალებს თუ არა მთავარი დამოუკიდებელი არხის დამფუძნებელს პრეზიდენტი - ეს მთავარი კითხვაა. პასუხი ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია, თუმცა ფაქტია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნიკა გვარამიას შეწყალების თემა აქტიურად განიხილება - ეს სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა დღეს ირიბად დაადასტურა.
პრეზიდენტი ფიქრობს, ნიკა გვარამიას პატიმრობას კი ეხმაურება ყველა. სტრატეგიული პარტნიორები, მესამე სექტორი, პოლიტიკოსები, სახალხო დამცველი - ყველა თანხმდება, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ციხეში აბსურდული ბრალდებით გაუშვეს და რეალური მოტივი გვარამიას განეიტრალება იყო.
განაჩენის გამომტან მოსამართლეებს კი კოლეგები უპირისპირდებიან. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში კანონსა და სამართლიანობას იცავდნენ, თანხმდებიან, რომ დღევანდელ მართლმსაჯულებას კანონთან კავშირი აღარ აქვს. მოსამართლეები კი დაკვეთის შემსრულებლებად იქცნენ.