
მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფი უკრაინელი მებრძოლები კვირების განმავლობაში ებრძოდნენ ოკუპანტებს და რუსეთის წინსვლას აკავებდნენ. პარასკევს, რუსეთმა განაცხადა, რომ ქარხანაში მყოფი ბოლო მცველები დანებდნენ და ქალაქი მარიუპოლი მათი სრული კონტროლის ქვეშ მოაქცია. უკრაინას ეს ცნობები არ დაუდასტურებია.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ჯარისკაცებს უბრძანა, შეენარჩუნებინათ სიცოცხლე და დაესრულებინათ მარიუპოლის დაცვა. ამის შემდეგ კი ინტერნეტში ვიდეოები გამოჩნდა, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინელი მებრძოლები გამოდიან ფოლადის ქარხნიდან. ისინი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაიყვანეს.
Cnn-ი წერს, რომ ეს ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები ახლა ომის ტყვეები არიან თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. საერთაშორისო მედიამ მათი ოჯახის წევრებთან ინტერვიუ ჩაწერა:
"ჩემმა ქმარმა მომწერა ორი დღის წინ. მდგომარეობა მართლაც მძიმე და საშინელია. ახლა ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიდის", - ამბობს ნატალია ზარიცკა, რომლის ქმარი აზოვსტალის მებრძოლებს შორის იყო.
ცნობისთვის, მარიუპოლი თითქმის სამი თვეა ალყაშია, სამხრეთ საპორტო ქალაქის დიდი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის აპრილის შუა რიცხვებიდან. უკრაინელი მებრძოლები ფოლადის ქარხანაში მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად აფარებდნენ თავს. ადამიანებთან, რომლებიც ომს თავშესაფარში გაექცნენ.
"აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 1 მაისს დაიწყო.
ამავე თემაზე: