
"არ მაინტერესებს... არ მაინტერესებს!" - ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას იმის თაობაზე, რომ აშშ-ის საელჩომ ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დაბლოკა და მის მიერ დაფინანსებული პროგრამიდანაც ჩახსნა.
ის ამბობს, რომ დღეს, 2012 წლისგან განსხვავებით, სასამართლო დამოუკიდებელია და ბევრ ევროპულ ქვეყანასაც უსწრებს წინ.
"...რომ ავიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და გამოკითხვის შედეგები, რომ შევადაროთ ჩვენს სისტემას ჩვენ არათუ იმ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ. ყველა მიმართულებით, მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეკონომიკის თავისუფლების, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული პროგრესი. ბოლო 8 წლის განმავლობაში" - ამბობს ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც ის აშშ-ში მიემგზავრებოდა. მოგვიანებით, თავად ჩხიკვაძემაც დაადასტურა, რომ აშშ-ში აღარ მიდის - "დიახ, აღარ მივდივარ".