გაფლანგული ფული თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში - აუდიტის დასკვნის საფუძველზე ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ელის

გამოქვეყნდა:

საეჭვო ტენდერები, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, არაუფლებამოსილ პირებზე გაცემული შეღავათიანი სამგზავრო ბარათები და ფიქტიურად დასაქმებული ხალხი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ დარღვევებისა, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუშაობის შემოწმებისას გამოიკვეთა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და დაადგინა, რომ 2017-2018 წლებში ბიუჯეტმა მილიონობით ლარი დაკარგა. კითხვის ნიშნები მასშტაბურ პროექტებთან დაკავშირებით ისმის, მათ შორის არის მეტროს რეაბილიტაციის, ვაგონების მოდერნიზაციისა და ავტობაზის მშენებლობა.

აუდიტის დასკვნა დედაქალაქის მერს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს. ოპოზიცია პასუხისმგებლობას სწორედ კახი კალაძეს აკისრებს. ტენდერებში, რომელიც მეტროს ვაგონების მოდერნიზებისთვის ჩატარდა მუდმივად იმარჯვებს კომპანია, რომლის აქციების 50%-ს თავად თბილისის სატრანსპორტო კომპანია ფლობს.

ბიუჯეტიდან 47 მილიონი ლარი გამოიყო და დაიხარჯა, თუმცა მთავარ მაკონტროლებელ ორგანოს ვერავინ დაუსაბუთა, ამ ფასის საჭიროება. ასი ათასობით ლარი გაიფლანგა მეტრო სადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაშიც. დოკუმენტის მიხედვით, დასაბუთების გარეშე ტენდერებში დისკვალიფიცირდებიან კომპანიები, რომლებიც პროექტის შესასრულებლად ბევრად ნაკლებ თანხას ითხოვენ. ფული გადაიხადეს, თუმცა შპს „გეომეფის“ მიერ შედგენილი ყველა პროექტი დახარვეზდა. 300 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაში, რომლის ჭერიც ჩამოინგრა და ათობით ადამიანი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. 

ქვეყნის მთავარი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოვლენილი დარღვევები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნაა. ირკვევა, რომ სატრანსპორტო კომპანია ფიქტიურად ასაქმებს და ბიუჯეტის ფულს უხდის ასობით ადამიანს.

ამას გარდა, არაუფლებამოსილი პირები ფლობენ და სარგებლობენ საშეღავათო სამგზავრო ბარათებით, რის გამოც ბიუჯეტმა ნახევარი მილიონ ლარზე მეტი იზარალა. სამოქალაქო სექტორი დარწმუნებულია, რომ დასკვნა დედაქალაქის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიაში არსებული კორუფციის დასტურია. 

ყოველწლიურად ნახევარმილიონიანი ზარალი აქვს დედაქალაქის ბიუჯეტს ვაგზლის მოედანზე ოქროს ბირჟისთვის შენობის მიქირავებით. ხელშეკრულება კომპანია „მაგის“ მერიამ ნახევარ ფასში გაუფორმა. 

მილიონზე მეტი იზარალა ბიუჯეტმა მთაწმინდაზე საბაგირო გზის მშენებლობის პროექტზეც. ირკვევა, რომ სატრანსპორტო კომპანიამ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდს" ავანსის სახით გადაურიცხა სამ მილიონ ნახევარი ლარი, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები კომპანიას არ უწარმოებია. ავანსი ბიუჯეტს მხოლოდ 4 წლის შემდეგ დაბრუნდა, ობიექტის მშენებლობა კი შეწყვეტილია. 3 მილიონამდე ღირებულების №2 ავტობაზა უვარგისია. ამის მიუხედავად ის მაინც ჩაიბარეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუშაობა საფრთხეს ქვეყნის ბიუჯეტის გარდა, მოქალაქეთა სიცოცხლესაც უქმნის. ავტობუსის მძღოლები საჭესთან 17-18 საათს ატარებენ, რასაც აუდიტი დარღვევად მიიჩნევს. 53-გვერდიანი დასკვნა უკვე პროკურატურაშია. გამოძების დაწყების შემთხვევაში არ არის გამორიცხული მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი