ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკმანი ფიქრობს, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას არ დაიჭერდნენ ის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი რომ არ ყოფილიყო. "მთავარ არხთან" საუბრისას ევროპარლამენტარმა თქვა, რომ გვარამიას დაკავება იმ პროცესის გაგრძელებაა, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიამ საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მიმართ დაიწყო.
რაფაელ გლუკსმანი ევროპარლამენტარების მიმართ ოცნების აგრესიულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნება" რუსეთის რეჟიმს იმეორებს.
"ისმის კითხვა ნიკა გვარამია რომ არ ყოფილიყო ოპოზიციურად განწყობილი და კრიტიკული მთავრობის მიმართ მას დააპატიმრებდნენ და მისცემდნენ პასუხისგებაში, თუ არა. რა თქმა უნდა, არა რადგან ის დაპატიმრებულია მხოლოდ იმიტომ, რომ არის კრიტიკული "ქართული ოცნების" მიმართ. ეს დაკავება მომდინარეობს სერიიდან, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტების, კრიტიკული და თავისუფალი მედიის მფლობელების წინააღმდეგაა, იმ მედიების, რომლებიც მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკულები არიან.
ეს არ არის გასაოცარი შემთხვევა, ეს კულმინაციაა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" განახორციელა, თანაც ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატად განიხილება, ეს კი ქვეყნისთვის კატასტროფაა. როგორ წარმოუდგენია თქვენ ხელისუფლებას ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი იმ ფონზე, როცა გავლენიან ევროპარლამენტარებს კრიმინალებს უწოდებენ. ეს სიგიჟეა, საქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა რომელიც რუსეთის რეჟიმს იმეორებს", - თქვა რაფაელ გლუკსმანმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარების მიმართ კრიტიკული განცხადებები "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და არაერთმა წევრმა გააკეთა მას შემდეგ, რაც მათ ხელისუფლების ქმედებები, მათ შორის ნიკა გვარამიას პატიმრობა უარყოფითად შეაფასეს.