ვაკეში მომხდარ თავდასხმის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამ დრომდე დაუდგენელია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც 2 ახალგაზრდა ავტომობილში ჩაცხრილეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თეიმურაზ კუპატაძე ამბობს, რომ საზოგადოებას ინფორმაციას "უახლოეს პერიოდში" მიაწვდიან.
ის არ აკონკრეტებს მოხდა თუ არა დამნაშავეების იდენტიფიცირება:
"როგორ ფიქრობთ, დეტალებს გეტყვით? არ გეტყვით", - ამბობს კუპატაძე.
ჟურნალისტის კითხვას - გაუჭირდებათ თუ არა ამ პირების ვინაობის დადგენა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი შენიღბულები იყვნენ, შსს-ს მაღალჩინოსანმა ასე უპასუხა:
"ჩვენ არაფერი არ გვიჭირს... მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ", - თქვა თეიმურაზ კუპატაძემ.
შეგახსენებთ, თავდასხმა ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე გუშინ მოხდა. 2 ახალგაზრდას უცნობმა პირებმა ჩასაფრება მოუწყეს და ცეცხლი ათობით თვითმხილველის თვალწინ გაუხსნეს. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს სერგი ქურთიშვილს, რომელსაც ქვედა კიდურებში 10 ტყვია აქვს მოხვედრილი, ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დროისთვის პალატაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, ის კლინიკიდან გვიან ღამით გაწერეს, შემდეგ კი სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და გამოკითხეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.