მოსამართლეთა კლანის პოლიტიკური მფარველები - კობახიძის პასაჟები აშშ-ს საელჩოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძემ  ამერიკაში სემინარზე გასამგზავრებელი მოსამართლეების სიიდან,  ლაშა ჩხიკვაძის ამოგდების შემდგარი ფაქტი, შეგნებულად დაამახინჯა და ამერიკის საელჩოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილების, მიზეზის დადგენისა და მისი  გაანალიზების ნაცვლად, ოპონენტები  ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებაში დაადანაშაულა და თანაც ისე, რომ   ამერიკელებისთვის წარსულის შეხსენება-დამუნათებაც არ დავიწყებია. 

ამერიკის საელჩომ, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე  საკუთარ  აღქმებს   განცხადების ფორმა იმავე დღეს მისცა. ოდნავ მოგვიანებით ეს განცხადება თავად ელჩმა კელი დეგნანმაც გაახმოვანა. ამ განცხადებიდან მალევე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გამოკეტა ამერიკაში ვეღარ  წავიდოდა.  

სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე – ეს წერია სისხლის სამართლის იმ მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც კობახიძემ დაასახელა.   

საკუთარ გამოსვლაში მან კიდევ ორი  პასაჟი გააკეთა, რომელიც ჯანსაღ საზოგადოებაში აუცილებლად აღძრავდა შემაშფოთებელ იმპულსებს. პირველი იმ  მოსამართლეებს ეძღვნებოდათ, რომლებსაც ამერიკაში კოლეგის გარეშე წასვლა მოუწევთ. ეს სასხვათაშორისოდ ნათქვამი წინადადება, კობახიძის ოპონენტებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ 

ხათუნა ხარჩილავამ, გიზო უბილავამ, მაია ქოქიაშვილმა, ნინო ნაჭყებიამ და რომეო ტყეშელაშვილმა, დასჯილ კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადეს და ამერიკაში სემინარზე აღარ გაფრინდნენ, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი სასამართლოს სისტემაში გაბატონებული ფეოდალური კლანის ყურმოჭრილი ყმები არიან. 

მეორე პასაჟი პირველზე გაცილებით მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მორჩილი მოსამართლეების მთელ კლანს, პოლიტიკური მფარველობის დიდი ქოლგა გადააფარა. 

ირაკლი კობახიძის დემაგოგიური  რიტორიკა იმაზე იყო გათვლილი, რომ საზოგადოებას დარჩენოდა განცდა, თითქოს,  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის საელჩომ სემინარზე გასაგზავნი მოსამართლეების  სიიდან,  არა ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის  არამედ რაღაც სხვა,  ეფემერული მიზეზის გამო ამოიღო. 

კობახიძის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში თუ ამერიკის საელჩომ ლაშა ჩხიკვაძე სიიდან მის მიერ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო ამოიღო ეს მოსამართლის დისკრიმინაციაა.

დემოკრატიის წინააღმდეგ მებრძოლებისთვის ამერიკის მთავრობას გაცილებით მძლავრი და ქმედითი ბერკეტების ამოქმედება რომ შეუძლია, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი  მოსამართლე და მათი ოჯახის წევრი დაგვერწმუნება.  ასე რომ  მმართველი პარტიის ქოლგის ქვეშ შეყუჟულ მოსამართლეებს ამიერიდან კარგად დაფიქრება მოუწევთ, როცა პოლიტიკურად მოტივირებულ უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანას ზემოდან დაავალებენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი