
დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს - ასე ეხმაურება ნიკა გვარამია თავმჯდომარე კობახიძის განცხადებას, რომელმაც მესამე პრეზიდენტის გადაყვანა საზღვარგარეთ, სამკურნალოდ, კატეგორიულად გამორიცხა.
ნიკა გვარამიას გზავნილი რუსთავის ციხიდან მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა გააცნო ჟურნალისტებს. როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი ამბობს, კობახიძემ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა მასაც:
დღეს, ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს. გამოვიდა და ისაუბრა დიაგნოზებზე, მკურნალობის ფორმებზე და შესაძლებლობებზე და რაც მთავარია, სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის გადავადებასთან და უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, წინასწარ დააანონსა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
დღეს ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური განაჩენი გამომიტანა მეც. მეტიც, ეს განაჩენი კიდევ უფრო მძიმეა და კიდევ უფრო ღიად პოლიტიკური, ვიდრე მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენი. ჯერ ერთი, პირდაპირ გამოაცხადა, რომ ჩემი პატიმრობის წინაპირობა "ქართული ოცნების" მოგონილი "ქვეყნის მტრობა და ეკლესიის მაგინებლობაა". ამას გარდა, განაცხადა სრული და მიზანმიმართული ტყუილი, რომ თურმე პოროშენკოზე და მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონზე უფრო მძიმე ბრალით ვარ ციხეში. ხსენებული ორი პირი ბრალდებულია უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნისას ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებში. ჩემთვის ამგვარი ბრალდება ივანიშვილის პოლიტიკურ პროკურატურასაც კი არ წაუყენებია და მოსამართლე ჩხიკვაძის პოლიტიკურ განაჩენშიც კი არ წერია.
ასეთი განცხადებები აბსოლუტურად ნათელს ხდის, რომ დღეს სასამართლო ირაკლი კობახიძე და მის უკან მდგარი ივანიშვილია. ასეთი განცხადებები, ასევე, ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩემთვის სასამართლოსთვის მიმართვამ უკვე ფორმალური შინაარსიც დაკარგა, რამეთუ გადაწყვეტილება უკვე წინასწარ ცნობილი და გაცხადებულია.
ცხადია, ჩვენთვის, კობახიძის ეს განცხადებები ხელსაყრელია და გააძლიერებს ჩვენი დაცვის ხაზს, როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ასევე, საერთაშორისო ფორუმებზე, მაგრამ ამგვარი განცხადებები, არათუ ხელსაყრელი, არამედ უმძიმესი შედეგის მომტანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის. შეუძლებელია, ვერ დაინახო ის, რაც ზედაპირზე დევს. გამორიცხულია, კობახიძეს და ივანიშვილს არ ესმოდეთ, რომ ამ განცხადებების სხვაგვარი წაკითხვა შეუძლებელია.
შესაბამისად, მარტივია დასკვნა - ეს განცხადებები მიზნად არ ისახავს მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში სიკვდილს და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის სახელისუფლებო დაკვეთას. ეს განცხადებები, ასევე, მიზნად ისახავს საქართველოს ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს და ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსის მოსპობას.
მინდა, გავაწბილო კობახიძეც და ივანიშვილიც - მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაც მოუწევთ, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაც მოუწევთ და, რაც მთავარია, მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და მათი სასოწარკვეთილი მცდელობების მიუხედავად, არასდროს წავა რუსეთის მიმართულებით." ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.
ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, ადვოკატებს დღეს ჩაბარდათ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი, რომელიც მან ნიკა გვარამიას გამოუტანა. საძაგლიშვილის თქმით, დოკუმენტი 142 გვერდიანი, საიდანაც 31 გვერდი სამოტივაციო ნაწილია. როგორც ის ამბობს, ჯერჯერობით არ გაცნობია რა მოტივაციით იხელმძღვანელა ჩხიკვაძემ , თუმცა ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეს ძალიან გაუჭირდებოდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულების დასაბუთება.
იხილეთ ასევე: