შაქარაშვილის საქმე - ვინ არის "კაწრო", იგივე ავთანდილ ბილანიშვილი?

გამოქვეყნდა:

შაქარაშვილის საქმემ თავიდანვე გააჩინა განცდა, რომ ამ დანაშაულის დროულად და ცხელ კვალზე გამოძიება ვიღაცას არ აწყობდა და ვიღაცებს ხელს აფარებდნენ. დაკავებული ნახალოვკელი რაგბისტები ბერა ივანიშვილის ძმაკაცის ავთანდილ ბილანიშვილის დაჯგუფებიდან არიან.

ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" ლიდერია სპორტსმენების ზონდერ რაზმისა, რომელიც ხელისუფლებას საარჩევნოდაც ულაგებს ხოლმე ქუჩას. ანონიმური წყაროს მიხედვით, სწორედ ბერასთან ნათელმირონობის გამო, "კაწრომ" პოლიციასთან ამ საქმის დალაგება თავის თავზე აიღო. პირადად ის ამ გარჩევაში არსად ფიგურირებს, მაგრამ საძმოსთვის მფარველობის გაწევა, მილიარდერი მეჯვარის წყალობით, ნამდვილად შეეძლო.

ის ბერას უახლოესი მეგობარია და ხელშეუხებელად ითვლება. პოლიციელებს, ვინც მის დაკავებას გაბედავს, სახლში უშვებენ. მის მეგობრებს კი ციხიდან თავისუფლებაზე, როცა ეს "კაწროს" და პარტიას დაჭირდება. ის   ავტორიტეტია ბერას სასახლის კარზეც და ქუჩაშიც, რასაც მხრებზე ამოკაწრული რვაქიმიანი ვარსკვლავებიც ადასტურებს..

2016 წელი, შემოდგომა, ღამის სამი საათი..

ქალაქის მთავარი ტურისტული ქუჩიდან პოლიციაში ოპერატიული შეტყობინება შევიდა. შარდენის ქუჩაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა, შემთხვევის ადგილის გარშემო დაიმტვრა თითქმის მთელი ინვენტარი. ჩხუბში ორი, ერთმანეთისთვის უცნობი ჯგუფი მონაწილეობდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა, დაპირისპირების მონაწილე თითქმის ყველა პირი  დააკავეს. ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში გადაიყვანეს სამი დაკავებული, მათ შორის იყო ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ავთანდილ ბილანაშვილი იგივე "კაწრო". 

შარდენის ქუჩის მოვლენები ბილანიშვილისთვის ერთ-ერთი პირველი გახმაურებული საქმე იყო. ამ  ინციდენტით საზოგადოებამ მისი გავლენების შესახებ ბევრი გაიგო. ნახალოვკელი კაწროს დაკავება ყველაზე საბედისწერო პოლიციის იმ თანამშრომლებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც ინციდენტის ღამეს შარდენზე მუშაობდნენ და რომლებმაც ავთო ბილანიშვილი ადგილზე დააკავეს. კრიმინალური გავლენები კაწროსთვის ერთგვარი ინდულგენცია აღმოჩნდა. კანონიერი ქურდის კაკო ბილანიშვილის შვილი ავთო ბილანიშვილი მალევე გაათავისუფლეს, მეორე დღეს კი სამსახურიდან გაუშვეს პოლიციის ოთხი თანამშრომელი, მათ განუსაზღვრელი გავლენების მქონდე კაწროს დაკავება არ აპატიეს. შარდენის ღამის მოვლენები დღემდე კარგად ახსოვთ ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

ბილანაშვილის განუსაზღვრელ გავლენებს ნაძალადევის რაიონში ბევრი ფაქტორი ადასტურებს, მისი გავლენების მთავარი წყარო კი "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ახლობლობაა. კრიმინალური ავტორიტეტის შვილიშვილისა და ავთო ბილანაშვილის შვილის ნათლიაა ბერა ივანიშვილი, ოლიგარქის ოჯახთან სიახლოვემ კი ბოლო წლების განმავლობაში კრიმინალური ოჯახის კრიმინალური ავტორიტეტი კიდევ უფრო გაზარდა.

ბილანაშვილის კრიმინალური საქმეების ვრცელი სია არსებობს. ნაძალადევის რაიონში განსაკუთრებით კარგად იციან, რომ ნახალოვკაში ე.წ. კაწროს კრიმინალური დაჯგუფება აკონტროლებს ყველას და ყველაფერს. ბილანიშვილის სახელს უკავშირდება ძმები რაზმაძეების გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეც. აღმოჩნდა, რომ ძმების კრიმინალური საქმიანობის მთავარი არეალი სწორედ ნაძალადევის რაიონია,  2018 წელს გიორგი რაზმაძე დადიანის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდა მამაკაცს, რის გამოც ის თვეების განმავლობაში იძებნებოდა. მოგვიანებით გიორგი რაზმაძე დააკავეს და მისი თავისუფლებისთვის სწორედ ავთო ბილანიშვილი იბრძოდა. ბრძოლა შედეგიანი გამოდგა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებული რაზმაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს. ამ სისხლიან საქმეს კიდევ ერთი ფიგურანტი ჰყავს - "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერი კახა კალაძე. მაშინ  სწორედ კალაძემ დაიბარა გიორგი რაზმაძის მამა და არჩევნებში კრიმინალური დაჯგუფების დახმარების სანაცვლოდ უთხრა, რომ შვილის პრობლემას მოუგვარებდა. შეთანხმება დიდი ყოყმანის გარეშე შედგა. არჩევნებში ბილანაშვილის დაჯგუფებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა. 

შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფის ამ ჩვენებით ირკვევა, რომ პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა გაუგებარი რჩება, რატომ არ იმოქმედა, რატომ არ მოიკვლია შემთხვევა, რატომ არ გახსნა დანაშული ცხელ კვალზე და რატომ შეასრულა მხოლოდ მოწმის თბილისში ტრანსპორტირების ფუნქცია. 

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საპატრულო ეკიპაჟი უბრალოდ უკან გაიხმეს, რათა საკუთარი მოვალეობა არ შეესრულებინა. ჩნდება ეჭვი, რომ პოლიციისთვის ამგვარი მითითების მიცემა, გავლენიანი ადამიანის ჩარევის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. ეს ხდება იმ დროს, როცა სავარაუდოდ პატრულმა მიატოვა უმძიმესი შემთხვევის ადგილი, მრავალი მძიმედ დაზიანებული, მათ შორის, ერთ-ერთი პრაქტიკულად ყურმოჭრილი ადამიანი და ერთი გარდაცვლილი.

ნახალოვკაში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის ბილანიშვილის კავშირები "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან კიდევ ერთი საფუძველი აღმოჩნდა, რომ მისი გავლენები გაზრდილიყო. კაწროს სიტყვას გადამწყვეტი ძალა აქვს გომელაურის უწყების ყველა დეპარტამენტისთვის. მისი სურვილის მიხედვით ათავისუფლებენ ისეთი კრიმინალებსაც, რომლებიც რიგითი ადამიანებისთვის საფრთხეს ქმნიან. ეს კი ბოლო წლებში არაერთმა გახმაურებულმა კრიმინალურმა საქმემ დაადასტურა, ბოლოს ავთო ბილანიშვილის გავლენების კვალი ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეშიც გამოიკვეთა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი