"გადატანა-გადმოტანა კონფიდენციალურია" - ევაკუაცია ხელოვნების მუზეუმიდან და ხმაური ანჩისხატის გარშემო

გამოქვეყნდა:

ხელოვნების მუზეუმი დღესაც პროტესტის ეპიცენტრი იქნება. ანჩისხატის დაცვის საინიციატივო ჯგუფი ანჩისხატის მისსავე სახელობის ტაძარში გადატანის მოთხოვნით აქციას გამართავს. 

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია გუშინ დაიწყო, თუმცა მუზეუმში არ საუბრობენ კონკრეტულად რომელ ექსპონატს სად გადაიტანენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გადავა, რომელიც ხელოვნების მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, ნაწილი კი იმავე ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ბე კორპუსში:

"გადატანა-გადმოტანა კონფიდენციალურია და უსაფრთხოების მიზნით, არ მაქვს უფლება ვისაუბრო. დიდი ნაწილი ალბათ გადავა ჯანაშიაში და მეორე ნაწილი ბე კორპუსში" ამბობს ხელოვნების მუზეუმის ფონდის დირექტორი, გია მარსაგიშვილი. 

ხელოვნების მუზეუმის შენობა მინისტრმა წულუკიანმა ამორტიზებულად გამოაცხადა და დაკეტა, რასაც სფეროს სპეციალისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, სამინისტრომ, ისე გადაწყვიტა კულტურული მემკვიდრეობის გატანა შენობიდან, რომ მათთვის უცნობი იყო ევაკუაციის გეგმა და პირობები. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წულუკიანის უწყება სწორედ იმ გეგმით ხელმძღვანელობს, რომელიც მისივე გათავისუფლებული თანამშრომლების მიერაა შედგენილი.

ამ ფაქტს ისინი მიესალმებიან და ამბობენ, რომ გეგმა პროფესიონალებმა შეადგინეს და კარგია თუ წულუკიანს ამის აღიარება მოუწია.

ხელოვნების მუზეუმიდან უკვე გატანილია 11 ექსპონატი. პროცესი დღესაც გაგრძელდება, ხოლო რა ბედის ელის შენობას, რომელიც მინისტრმა ამორტიზებულად გამოაცხადა და თქვა, რომ მისი რეაბილიტაციაც შეუძლებელია, უცნობია. 

შეგახსენებთ, ანჩისხატის დაცვის საინიციატივო ჯგუფმა აქცია გუშინაც გამართა, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. აქტივისტები ამბობენ, რომ მათ პრემიერ ღარიბაშვილისგან მიიღეს წინასაარჩევნო დაპირება, რომ ანჩისხატის კარედს ეკლესიას გადასცემდა. ახლა ისინი ამ დაპირების შესრულებას ითხოვენ. 

სფეროს სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ის მუზეუმში, შესაბამის პირობებში უნდა იყოს დაცული.

ანჩისხატის კარედი 40-იანი წლების შემდეგ, სწორედ მუზეუმში ინახება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი