ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია დღეიდან დაიწყება - სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების ნაწილი ტრანსპორტირებისთვის მზადაა და ევაკუაციის პროცესი ეტაპობრივად, დღეიდან დაიწყება. 

სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემუშავებულია რეკომენდაციები საგანძურის ექსპონატების შესაბამის სივრცეებში ეტაპობრივად, უსაფრთხოდ გადატანასა და განთავსებასთან დაკავშირებით.

"არაერთი ექსპონატი ტრანსპორტირებისათვის მზადაა, ხოლო ევაკუაციის პროცესი ეტაპობრივად უკვე დღეიდან დაიწყება. მუზეუმის შენობის დაცლის პროცესის დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრამდე.

ექსპონატები დროებით სხვადასხვა სივრცეში განთავსდება, შესაბამისი სამუზეუმო სტანდარტების დაცვით.

რაც შეეხება საგანძურის ექსპონატებს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მოსაზრების საფუძველზე, შერჩეულ იქნა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის ყოფილი სივრცე, რომელიც სარგებლობაში გადაეცა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს და მის მფლობელობაში დარჩება მომავალშიც. მოცემულ სივრცეში დამონტაჟებულია ტემპერატურისა და ტენიანობის მაკონტროლებელი, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემები.

საგანძურის კოლექციის გადაადგილება განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მონაწილეობით, ასევე, მაღალი კომპეტენციის, სხვადასხვა პროფილის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების, მათ შორის, ექსპონატთა უსაფრთხო გადაადგილების სპეციალისტის ჩართულობით, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უნარები და გამოცდილება ამ მიმართულებით. დეტალურად იქნება გაწერილი ექსპონატების გადასატანად მოსამზადებელი სამუშაოებიც.

ტრანსპორტირების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ექსპონატების გადაადგილებისას უზრუნველყოფენ მათ დაცულობას. ტრანსპორტირების პროცესის სწორად წარმართვის მიზნით, ხელოვნების მუზეუმს განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლის შემდგომ ჩატარდება გამაგრებითი და კაპიტალური სამუშაოები.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი