
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებში არ არის ისეთი დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება.
გიორგი სააკაშვილის თქმით, გადაიყვანენ თუ არა მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ეს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ.
გიორგი სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ახალ ექსპერტიზას, რომელიც ხელისუფლებამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთა. მისი თქმით, ამით ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ ისინი ადამიანის უფლებებს იცავენ.
"როგორც მოგეხსენებათ, ამ კომისიამ მუშაობა დაიწყო თითქოს პირველ მარტს, გავიდა საკმაოდ დიდ ხანი, ხალხს მივიწყებული ჰქონდა, მაგრამ ახლა გაააქტიურეს ეს თემა, იქიდან გამომდინარე, რომ დადონ დასკვნა, რომელიც იქნება მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დარწმუნებული ვარ სახარბიელო ნამდვილად არ იქნება, გადაფარონ, თითქოს როგორ შემოდიან მიშას მდგომარეობაში, როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს.
იუსტიციის მინისტრს ვეტყვი, რომ ის განათლებით ექიმი არ არის, მსგავსი გადაწყვეტილება ყოველთვის ექიმებმა უნდა მიიღონ. მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ალტერნატიული ჯგუფი შევიდა "ვივამედის" კლინიკაში და დადებენ შესაბამის დასკვნას, რომელსაც ოჯახი და საზოგადოება ვითხოვდით რამდენიმე თვის განმავლობაში", - თქვა გიორგი სააკაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილს დედა, გიული ალასანია მოინახულებს.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთვება. სამედიცინო ექსპერტიზა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმები შევიდნენ და სამედიცინო კვლევების ჩატარება დაიწყეს.
ცენტრ "ემპათიის" ექიმებმა მესამე პრეზიდენტი 1-ელ ივნისს მოინახულეს. ექიმების შეფასებით ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობა არ არის სრულყოფილი და ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არ ასახულა. მათივე თქმით, აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.