
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზადყოფნას გამოთქვამს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს შეხვდეს და გააცნოს მოსაზრებები, თუ რატომ არის განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელი.
მისი თქმით, ჯერი ახლა პრეზიდენტზეა. ლომჯარიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხზე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა განაჩენის გამოცხადებიდან მალევე. მისი თქმით, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა, თუმცა დროზე ან სხვა დეტალებზე შეხვედრასთან დაკავშირებით, საუბარი არ ყოფილა.
"მე რამდენჯერმე შევთავაზე პრეზიდენტს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვარ მზად, რომ შევხვდე და გავუზიარო იურისტებისა და სახალხო დამცველის აპარატის მოსაზრებები, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ეს განაჩენი არის არსებითად დაუსაბუთებელი. ჯერი ალბათ არის თავად საქართველოს პრეზიდენტზე. უარი არ მიმიღია, თუ ექნება ქალბატონ პრეზიდენტს სურვილი, მე მას ვაცნობე, რომ ვარ მზად ამაზე უფრო მეტი დეტალები მივაწოდო", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა დასკვნა დღეს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, ხოლო განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია. ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენებისკენ მოუწოდა.