
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას უცნობია - შესაბამისი თხოვნით მას სახალხო დამცველმა უკვე მიმართა. ომბუდსმენი ამბობს, რომ ეს არის განაჩენი დანაშაულის გარეშე.
ყოფილი სახალხო დამცველი და "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალება ალბათ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა.
"პრეზიდენტს აქვს სწორედაც რომ ეს უფლებამოსილება, რომელიც სწორედ ასეთ შემთხვევებში, როდესაც არ არის საქმე დასაბუთებული, არის ძალიან ბევრი ეჭვი, მტკიცებულება, იმის რომ საქმეში უფრო მეტად არის პოლიტიკური ინტერესი, და იგივე თუ გადავავლებთ თვალს პოლიტპატიმრების დეფინიციას, დავინახავთ, რომ ამ საქმეში რეალურად იგრძნობა, არის გარკვეული საფუძვლები ვივარაუდოთ, რომ არის საქმე პოლიტიკური, აქედან გამომდინარე, ალბათ შეწყალება იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იმ მდგომარეობაში, რომელიც არის შექმნილი დღეს გვარამიას საქმეში ", - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველიცა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც ერთი და იგივე აზრზე არიან, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის განაჩენი უკანონოა. მისი თქმით, ეს გარემოებები პრეზიდენტისთვის გასათვალისწინებელი უნდა იყოს.