
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, რიკარდ ჟოზვიაკის ცნობით, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ლიდერების განცხადების პროექტში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო ტექსტი შეიცვალა.
მისი განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები მიმართავენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო საქართველოს ამისთვის ჯერ კიდევ აქვს სამუშაო.
"ტექსტი მიღებულია, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებით: ის მოიცავს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლდოვისთვის, მაგრამ საქართველოსთვის არის "მუშაობა იგივე სტატუსის მინიჭებაზე". რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ არის სავალდებულო ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის", - წერს ჟოზვიაკი.
7 ივნისს რიკარდ ჟოზვიაკმა გამოაქვეყნა განცხადების პროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც ჯერ არ იყო საბოლოო. "რადიო თავისუფლების" ცნობით, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერთა ერთობლივი განცხადება ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერების 2022 წლის 23-24 ივნისის შეხვედრის მონაწილეებისთვის შემდეგია:
ჩვენ, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები, მივმართავთ ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერების 23-24 ივნისის შეხვედრას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადების შესახებ.
ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს გაბედულება, პრინციპულობა და ხედვა ჩვენი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისა და საერთაშორისო გარემოს გაუარესების დღევანდელ კონტექსტში.
ევროკავშირი უნდა იყოს სანდო პარტნიორი და სანდო გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც ამართლებს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს იმათ მიმართ სოლიდარობის ჩვენებით, ვინც იცავს იმავე იდეალებს.
უკრაინის მოქალაქეებს სურთ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრი.
ვაცნობიერებთ, რომ ასეთსავე სულისკვეთებას იზიარებენ საქართველოსა და მოლდოვის [და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების] ხალხები და მათი მოლოდინების უგულებელყოფა აღარ უნდა გაგრძელდეს. ამიტომაც, ჩვენ მტკიცედ მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისი; და იმუშავეთ იგივე სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე, საქართველოს ხალხის ლეგიტიმური სწრაფვის ხორცშესხმისთვის. [ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ ნარჩუნდება დასავლეთ ბალკანეთის მიმართ ევროკავშირის ისტორიული დაპირება]."