"ნიკა გვარამიას საქმემ შეკითხვები წარმოშვა... ეს შემაშფოთებელია და სელექციურ დევნას უკავშირდება" - ამის შესახებ "მთავარი არხის" ჟურნალისტთან საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი საუბრობს.
მე, რა თქმა უნდა, მონიტორინგს ვუწევდი თქვენი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს. ამ საქმემ შეკითხვები წარმოშვა, მათ შორის დროისა და ბრალდებების მხრივ. ეს საქმე წარმოადგენს შემაშფოთებელი ტენდენციის ნაწილს, რაც დაკავშირებულია სელექციურ მართლმსაჯულებისა და დევნასთან, რომლებიც მიზანში იღებენ მთავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ეს ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოსა და თავად მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც ასეთი შესაძლებლობაა შექმნილი საქართველოსთვის რომ განავითაროს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, საზოგადოებაში წარმოდგენების შექმნაც კი რომ დევნა ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით, არის დამანგრეველი ეეფქტის მატარებელი, - თქვა მან.
ოლიგარქი ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით შეკითხვაზე კი დონფრიდი ამბობს, რომ პოტენციური სანქციების შესახებ, აშშ საჯაროდ არ საუბრობს. თუმცა, მისი თქმით, სანქციები "წარმოადგენს საგარეო პოლიტიკაში ერთგვარ საშუალებას, რომ ქვეყნებსა ან ინდივიდებზე მოხდეს გავლენა იმისთვის, რომ მათ შეცვალონ ქცევა".
ჯერ-ჯერობით არ მქონია შესაძლებლობა, რომ დეტალურად გავცნობოდი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, მაგრამ გეტყვით, რომ ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს სიურპრიზს. თქვენს შეკითხვის პასუხად, ივანიშვილის სანქცირებაზე, გეტყვით, რომ ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ პოტენციური სანქციების შესახებ. სანქციები წარმოადგენს საგარეო პოლიტიკაში ერთგვარ საშუალებას, რომ ქვეყნებსა ან ინდივიდებზე მოხდეს გავლენა იმისთვის, რომ მათ შეცვალონ ქცევა და ჩვენ აქ, ვაშინგტონში გვაქვს შემუშავებული სანქციების დაკისრების კრიტერიუმები, რომელიც თანმიმდევრული და სისტემატიური ხასიათისაა.
ამასთან, დავამატებ, რომ თქვენ იცით, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ საკითხებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებას საქართველოში და ჩვენ მრავალი წელი გვაქვს ქართულ მხარესთან ამ მიმართულებით ნამუშევარი, მათ შორის მედიის თავისუფლების საკითხებზე. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მიმდინარეობს რუსეთის ომი უკრაინაში, საქართველოს პროგრესი რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ქმნის ნამდვილ შესაძლებლობას თქვენი ქვეყნისთვის, - ამბობს დონფრიდი.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს აპირებს.
უახლოეს მომავალში, მე ვგეგმავ ვიზიტს საქართველოში, მეტ დეტალს ვერ გაგიმხელთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ გეტყვით, რომ მას შემდეგ რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე, საქართველოში ვიზიტი იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვგეგმავ ჩემი ვიზიტის ფარგლებში, ვაპირებ შეხვედრები მქონდეს ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან, არამხოლოდ მთავრობის წევრებთან, - ამბობს დონფრიდი.