პოლიტიკური შურისძიება - ლიეტუვის მოქალაქეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მომხდარ ინციდენტზე ბრალდება წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური შურისძიება არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ - ლინა დოლიძე, რომელიც ლიეტუვის მოქალაქეა, შსს-ში მოტყუებით მიიყვანეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საბურთალოს 90-ე უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდება წარუდგინეს.

დოლიძე ოპოზიციის მხრიდან დამკვირვებელი იყო. მისი თქმით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მას და კიდევ რამდენიმე დამკვირვებელს უბანზე სპეციალური საშვის გარეშე მყოფმა ორმა კაცმა პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დამკვირვებლებმა მათ მიუთითეს, რომ ბეიჯის გარეშე შენობაში ყოფნის უფლება არ ჰქონდათ და ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ვიდეოს იღებდა, ტელეფონი დაუვარდა. 

სწორედ ეს ინციდენტია საქმეში ახლა ლინა დოლიძის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება. მას გამოძიება საარჩევნო უბანზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება.

ლინა დოლიძე მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

"დამირეკეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მითხრეს, რომ ორი წელია უკვე გასული, 2020 წელს მომხდარი ინციდენტიდან, რომელიც მოხდა საარჩევნო უბანზე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დღეს და მითხრეს, რომ უნდა დაეხურათ საქმე და მივსულიყავი უბრალოდ ხელის მოსაწერად. როდესაც მივედი, აღმოჩნდა, რომ დამიბარეს სინამდვილეში ბრალის წარსადგენად და გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ მედავებიან ძალადობას 2 მამრობითი სქესის წარმომადგენელზე. ლიეტუვის მოქალაქე გახლავართ. ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ეს დამთხვევა. ვფიქრობ ეს არის სიგნალი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან, რომ აი ასე ვექცევით ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოში", - ამბობს ლინა დოლიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი