რატომ ევროპა? რატომ ევროკავშირი? რა ხიბლი აქვს ასეთი ამ ისტორიულ არჩევანს ან რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისთვის. რუსული პროპაგანდა და მისი ქართველი რუპორები ძალიან ხშირად იმეორებენ ხოლმე, რომ ევროპაში ყველაფერი ძვირია, მაგრამ აღარაფერს ამბობენ შემოსავლების და ცხოვრების იმ მაღალ დონეზე, რასაც ამგვარი ეკონომიკა თავის მოქალაქეებს სთავაზობს.
ევროსკეპტიკოსებმა შეიძლება თქვან, რომ არ ღირს ზედემეტად თავის ატკიება რეგულაციებით, როცა შეგიძლია შენი პროდუქტი მარტივად გაიტანო რუსეთში. მაგრამ რატომღაც იგივე ადამიანები აღარ გეუბნებიან, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის ბაზარს ვეღარასდროს გაცდები, და მოსკოვიც მაშინვე დაგსჯის და ამ ბერკეტის გამოყენებას შეეცდება, როცა კი მიხვდება, რომ ეკონომიკურად მასზე ხარ ჩამოკიდებული.
ევროკავშირი - ორგანიზაცია, რომლის წევრობისკენაც 30 წელია ვისწრაფით, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური გაერთიანებაა, მარტივი მიზნით - მისი წევრი თითოეული მოქალაქისთვის ღირსეული შრომისა და არსებობის პირობები შექმნას, მშვიდობიანი და სამართლიანი გარემოთი. მეტი დოვლათი და თანაც ყველასთვის - სწორედ ესაა დნმ ამ ორგანზიაციისა, რომლის გარშემოც დროთა განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკური ინსტიტუცია აშენდა.
რამდენ ტრილიონსაც არ უნდა ხარჯავდეს მსოფლიო ყველაზე დიდი პოლიტიკური ორგნაზიაცია, რა გადაწყვეტილებასაც არ უნდა იღებდეს ბრიუსელში თავმყოფრილი ბიუროკრატიული მანქანა, რა გარღვევებზეც არ უნდა მუშაობდნენ ევროპელი მეცნიერები, ყველაფერი, 27-ვე წევრი სახელმწიფო, მთელი ეს ორგანიზაცია 22 ტრილიონი დოლარის ეკონომიკით, ემსახურება ერთადერთ მიზანს - რიგითი ევროპელების კეთილდღეობას.
მაგრამ მთავარი სიკეთე რაც ევროპას მისი მოქალაქეებისთვის მოაქვს, ეს ცოდნაა, საქმის სწორად კეთების ცოდნა. და ეს იმ ქართველმა მეწარმეებმაც დაინახეს, ვინც წლების წინ მიხვდა - საით უნდა აეღო გეზი.