
ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი ომის შედეგად განადგურებულ უკრაინას - ამის შესახებ სტატიას გამოცემა Politico აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ მედიას ინფორმაციას რამდენიმე ოფიციალური პირი აწვდის, რომლებიც იცნობენ მსჯელობებს, რაც გაიმართა ორშაბათს, კომისრებს შორის 13 ივნისის დებატების დროს.
„კომისიას არ ავიწყდება, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, სადაც ხალხს ესროლეს იმის გამო, რომ ისინი ქუჩებში ევროკავშირის დროშებით იმყოფებოდნენ. ახლა ჩვენ არ შეგვიძლია ვუთხრათ მათ: ბოდიში ბიჭებო, თქვენ არასწორ დროშებს აფრიალებდით", - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ამავე სტატიაში განხილულია საქართველოსა და მოლდოვასთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკითხიც. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ევროკომისრები ძირითადად მხარს უჭერდნენ მოლდოვას, რომელსაც მტკიცედ პროევროპული მთავრობა ჰყავს.
გამოცემა წერს, რომ სამწუხაროდ, ისინი ნაკლებად არიან დარწმუნებულნი საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანა ბოლო წლებში განიცდიდა ყოვლისმომცველ პოლიტიკურ რყევებსა და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას.