"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის არგაცემა "გულდასაწყვეტია".
თუმცა, მისივე თქმით, მოხარულია კომისიის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებისთვის, რადგან ამას ქვეყანა "მრავალი წლის მანძილზე ელოდებოდა".
რაც შეეხება უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას, კობახიძე ამბობს, რომ ეს უკრაინაში რუსეთის ომით არის განპირობებული.
"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს უკრაინას, ისე მოლდოვას. იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება. გვესმის, რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური ახსნა.
რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ომის შედეგად დაიღუპა ათი ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უკრაინული ეკონომიკის 45%-ით ვარდნას პროგნოზირებენ. ამ ფონზე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთგვარი მცირედი წახალისებაა, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო.
უკრაინაში მიმდინარე ომმა მძიმე ზიანი მიაყენა მეგობარ მოლდოვასაც. მაშინ, როცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14.5% შეადგინა, მოლდოვის მაჩვენებელი მხოლოდ 1% იყო. ამასთან, მოლდოვას ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც ქვეყანას უმძიმეს ტვირთად აწვება. ევროკავშირი შესაბამის ტვირთს უშუალოდ უმსუბუქებს. ომის მძიმე გავლენის გათვალისწინებით, მოლდოვასაც უნდა მიეღო წახალისება, რაც მის რთულ მდგომარეობას ეკონომიკურად არა, მაგრამ პოლიტიკურად გარკვეულწილად შეამსუბუქებს. ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირმა მოლდოვის სამხედრო პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დსთ-ში მის წევრობაზეც დახუჭა თვალი და ყველაფრის მიუხედავად მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდებოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროკომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა. ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის გარკვეულწილად მაინც გულდასაწყვეტია, თუმცა გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისგან და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და მით უმეტეს 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს, 300 ათას დევნილს დღეს ჩვენი ევროპული პარტნიორებისთვის უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული", - თქვა კობახიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან სხვადასხვა მიმართულებით მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, რამდენიმე წლით გვიან დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს შემთხვევაში კი განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანა კონკრეტულ პირობებს შეასრულებს, ამ საკითხზე ხელახლა იმსჯელებენ.