
თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ ევროკომისიისგან ელოდა, რომ რეკომენდაციას სტატუსის მინიჭებაზე საქართველოც მიიღებდა. მისი თქმით, გულდასაწყვეტია განცხადებები, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო არ არის საინტერესო ადგილზე და თუ ჩვენი ადგილმდებარეობა ახლა გაიგეს, საერთოდ საოცრებაა.
"პირდაპირ ვიტყვი, პირადად მე ველოდებოდი, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, და ამასაც რა თქმა უნდა, აქვს თავისი ახსნა და საზოგადოებას ყველაფერი უნდა ვუთხრათ, აქ არაფერი დასამალი არ არის, თუ რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული მაშინ როდესაც საუბარი იყო სამ ქვეყანაზე, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სამივე ქვეყანას ფაქტობრივად ერთნაირი დათქმები აქვს, რაღაც უნდა გამოასწორონ, რაზეც უნდა იმუშაონ, ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო დატოვეს სტატუსის გარეშე.
ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხაროა და ვიცით ეს ყველაფერი რატომ მოხდა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ რაც არის წინასწარი დათქმები, ყველაფერი უნდა იქნეს შესრულებული და როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებაში, იგივე ვიზალიბერალიზაცია, ყველაფერს, რა თქმა უნდა, მივიყვანთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, მივიღებთ სტატუსს.
ძალიან გულდასაწყვეტია როდესაც ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო არ არის საინტერესო ადგილზე, პირდაპირ განცხადება იყო გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, რაც გულდასაწყვეტია 30 წელია ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა ეს საერთოდ საოცრებაა და არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო", - თქვა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია, ხოლო საქართველოსთვის მხოლოდ კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 24 ივნისს მიიღებს.