
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველის, ეკატერინე კიკნაძის სახელით კულტურის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
საია ასაჩივრებს ნორმას, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის მკვლევართა დაშვების წესს და მის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
"საიამ ეკატერინე კიკნაძის სახელით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. გასაჩივრებული ნორმა[1]განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის მკვლევართა დაშვების წესს. კერძოდ, ეროვნული მუზეუმის სამუზეუმო ფონდებში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის დაინტერესებულ პირთა დაშვება შესაძლებელია მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა ეცნობოს სამინისტროს.
სადავო ნორმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ანიჭებს მკვლევართა მუზეუმში დაშვების გადაწყვეტის უფლებამოსილებას, თუმცა არ განსაზღვრავს რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. მსგავსი სახელმძღვანელო კრიტერიუმები არ არის განსაზღვრული არც სხვა საკანონმდებლო აქტებით. საიას პოზიციით, ასეთ შემთხვევაში დირექტორატის უფლებამოსილება არის შეუზღუდავი, რაც წარმოშობს მისი მკვლევრების საწინააღმდეგოდ ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საია ითხოვს გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლითაც დაცულია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე ჯერ ლაბორატან გადაიყვანეს, შემდეგ კი საერთოდ გაათავისუფლეს. საკითხე კიკნაძე სამართლებრივ დავას აპირებს.