ბათუმში ენმ-ს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით პარტიამ ბრიფინგი გამართა. პოლიტიკოსები პარლამენტში, პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მან გარდაცვლილი დეპუტატის საქმის "თაროზე შემოდების" ბრძანება გასცა.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, მთავრობის მეთაური საქმის გამოძიების დასრულების შესახებ იტყუება, რადგან ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა არც შუალედური და არც შემაჯამებელი დასკვნა.
ენმ დარწმუნებულია, რომ გამოძიება არც მომავალში არ გაგრძელდება. მიზეზი მათი აზრით ისაა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში აჭარის მთავრობის მეთაურის მამა ფიგურირებს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რითიც დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა.