თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღეს კვლავ დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან, მათ შორის ის პოლიციელები, ვინც რურუას დაკავებაში მონაწილეობდნენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება პოლიციის სამი თანამშრომელი. აქედან ერთ-ერთი არის დავით დვალიშვილი, რომელიც მონაწილეობდა გიორგი რურუას შეჩერების და დაკავების ოპერაციაში. ის იყო პირი, რომელმაც დაურეკა პატრულის თანამშრომელს და სთხოვა გიორგი რურუას გაჩერება. რაც შეეხება დანარჩენ ორ პოლიციელს, ისინი იმყოფებოდნენ თბილისის პოლიციის შენობაში და მას შემდეგ, რაც მოხდა გიორგი რურუას დაკავება, სწორედ ამ პოლიციელებს გადააბარეს დამკავებელმა პოლიციელებმა გიორგი რურუა, - განმარტავს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველების დაკითხვისას კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ რურუა უდანაშაულოა და ციხეში პოლიტიკური მოტივით ზის.
დაცვის მხარეს სამართალდამცველებთან კითხვები აქვს რურუას დაკავების დეტალებთან დაკავშირებით. ადვოკატის მტკიცებით, იარაღი, რომელიც ქონასაც პროკურატურა ბრალდებულს ედავება, მხოლოდ ოქმის მასალებში ფიგურირებს და რეალურად რურუას თან არ ჰქონია.
დაცვის მხარის არგუმენტებს ექსპერტიზის დასკვნაც ამყარებს, რომლის თანახმად, საქმეში არსებულ იარაღზე არ არის ბრალდებულის ანაბეჭდები და არც მის ტანსაცმელზე აღმოუჩენიათ მეტალის კვალი.
კვლავ დააყენებს თუ არა დაცვის მხარე შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შინაარსის ჩვენებებს მისცემენ დღეს დასაკითხი მოწმეები.
ამ დროისთვის გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. 20-მდე პირი უკვე დაკითხულია და დარჩა დაახლოებით 15 დასაკითხი მოწმე.