საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ სწავლობენ ბათუმში შემოსული გემის საკითხს, რომელიც რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტით იყო დატვირთული. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია სანქციებისთვის გვერდის არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ჩვენ ვსწავლობთ მას. ზოგადად მსგავს აქტივობებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ და საქართველოს ხელისუფლებასთანაც ვთანამშრომლობთ, მათ შორის საბაჟოსთან და საშემოსავლო სამსახურთან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სანქციებისთვის გვერდის არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი", - თქვა კელი დეგნანმა.
"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, სანქცირებული რუსული ტვირთი ბათუმის პორტში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა, "ესენკამ" შეიტიანა. გემი პორტში 2 დღის განმავლობაში იდგა და საქართველოს მთავრობა საკითხს მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც ფაქტი მედიაში გაშუქდა. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოებს ასეთი ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.