65 ქვეყნის 84 პარტია მოუწოდებს ევროკავშირსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესონ სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს, მათ შორის მოსამართლეებსა და პროკურორებს - აცხადებს "დროა" და მსოფლიო დემოკრატიული კავშირის [IDU] რეზოლუციას ეხმაურება.
"ბიძინა ივანიშვლის, მისი პროკურორების, მოსამართლეებისა და ბიზნესმენების სანქცირების შესახებ კამპანია, რომელსაც პარტია „დროა“ ბოლო თვეების განმავლობაში აწარმოებდა კვლავაც გაგრძელდება იმისთვის, რომ სანქციები შეეხოს ოლიგარქს, მის ქვეშევრდომებს და არა საქართველოს. " ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) ბერლინში მიმდინარე ფორუმზე მიღებულ იქნა რეზოლუცია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ.
რეზოლუციაში გამოთქმულია მწუხარება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობის გაშვების თაობაზე, რის მთავარ მიზეზსაც ქვეყნის ოლიგარქიული მმართველობა წარმოადგენს.
IDU მოუწოდებს ევროკავშირს და დემოკრატიულ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის ახლო გარემოცვას, ასევე მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასამართლო და სამართალდამცავი ინსტიტუტების რეპრესიულ მექანიზმად ინსტრუმენტალიზებას და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ოლიგარქის განუზომელი გავლენის უზრუნველყოფას - ნათქვამია რეზოლუციაში.
შეგახსენებთ, რომ "დროას" გვარებით ჰყავს დასახელებული ის პირები, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ. ივანიშვილის გარდა, საუბარია მოსამართლეთა კლანის წევრებზე, ე.წ. პატარა ოლიგარქებსა და პროკურორებზე.