გიორგი რურუას სასამართლო - "მთავარი არხის" დამფუძნებელი კვლავ პატიმრობაში რჩება

გამოქვეყნდა:

გრძელდება გიორგი რურუას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში. დღეს ის სამი სამართალდამცველი დაიკითხა, ვინც გიორგი რურუას დაკავების დღეს იმყოფებოდნენ ჯერ შემთხვევის ადგილას, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

ყველაზე მეტი კითხვისთვის პასუხის გაცემა პოლიციელ დავით დვალიშვილს მოუწია, რომლის მითითებითაც გიორგი რურუა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შეაჩერა. კითხვები ძირითადად დაკავების ადგილას განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

დაცვის მხარე დვალიშვილის წარსულ საქმიანობასაც ჩაეძია. როგორც გაირკვა, იგი სასჯელაღსრულებისა და სამხედრო პოლიციის თანამშრომელი გახლდათ იმ დროს, როდესაც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას მაღალი თანამდებობა ეკავა.

კითხვებს წარსული საქმიანობის შესახებ პროკურატურის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა დაცვის მხარემ განმარტა, რომ აღნიშნული კითხვები ემსახურებოდა იმის გარკვევას, თუ რამდენად სანდოა მოწმე დავით დვალიშვილის ჩვენება.

ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, მოწმეები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქმე გაყალბებულია.

ჩვენ მიერ დასმული იქნა კითხვები, მონაწილეობდა თუ არა თეთრაძის საქმეში და მიღებული აქვს თუ არა მონაწილეობა და დაიკითხა თუ არა თეთრაძის საქმეზე, რაზეც მან განაცხადა, რომ არ იცის და არ ახსოვს აღნიშნულის შესახებ, - განმარტავს სამუშია.

პროკურორი ვასილ სამხარაძე კი ამბობს, რომ დაცვის მხარეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით სურდა კითხვების დასმა, თუმცა დვალიშვილის მონაწილეობა სხვა ამგვარ საქმეებში კავშირში არაა გიორგი რურუას საქმესთან.

ადვოკატებს დღეს შუამდგომლობა არ დაუყენებიათ. შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარემ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლაზე, თუმცა უარი მიიღო.

დაცვის მხარე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გიორგი რურუას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ვინაიდან ბრალდებული "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მხარდამჭერი გახლავთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი