ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძეც იმეორებს, რომ აშშ-ს საელჩოში, "ტვ პირველის" დამფუძნებელმა "მძიმე პროვოკაცია" მოაწყო. მისივე განცხადებით, დეპუტატ ანრი ოხანაშვილს "ნერვებმა უმტყუნა", რადგან შეურაცხყოფა, რომელიც მას მიაყენეს მძიმე იყო.
"იქ მოხდა მარტივად რომ ვთქვათ მძიმე პროვოკაცია, მძიმე პროვოკაცია იმისა რასაც შეიძლება გამოეწვია კონფლიქტი, ამას მოჰყვა შელაპარაკება, მძიმე შეურაცხყოფას რომელზეც კონკრეტულად ვერ ვსაუბრობ, და ადამიანურად, ასე ვთქვა, ისეთი ფორმით ამასთან დაპირისპირება, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ, რომ ნერვებმა უმტყუნა ადამიანს ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს ადამიანს. ეს არის და ეს რაც მოხდა, ამის ისე წარმოჩენას, რომ იქ ვინმე გაუფრთხილებლად ვინმე ვინმეს მივარდა და შესაბამისად მასზე იძალადა, რასაკვირველია, არც ლოგიკურია, არც დამაჯერებელია საზოგადოებისთვის და უბრალოდ ამით თავს ნუ შევიწუხებთ. ვთქვათ რაც იყო რეალობა", - თქვა სარჯველაძემ.
მისივე განცხადებით, "მტკნარი აბსურდია" მოთხოვნა მანდატის დატოვების შესახებ.
ცნობისთვის, შემთხვევა აშშ-ს საელჩოში 30 ივნისს მოხდა. "ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ, ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა კი მას ხელი დაარტყეს. წერეთელი ინციდენტის მონაწილეებად ასევე ასახელებს ირაკლი ზარუასა და ბექა ოდიშარიას.
ვატო წერეთელი და "ტვ პირველი" ითხოვს მომხდარის ამსახველი კადრები საელჩომ გაასაჯაროოს. აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ინფორმაციას სწავლობენ. იხილეთ ასევე: