ხელშეკრულებაში არ წერია, რომ ქვეყანა ვერ შეუერთდება NATO-ს, თუ ტერიტორიული პრობლემები აქვს - სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

NATO-ს  სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვინიკოვის თქმით, ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არ წერია, რომ ქვეყანა ვერ გახდება ალიანსის წევრი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს.

ასე პასუხობს ის საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველო NATO-ში მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარების შემდეგ უნდა გაწევრიანდეს.

"იმისთვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს NATO-ში, ორი რამ უნდა გაკეთდეს. პირველი ეს არის ის, რომ ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს და ეს მოთხოვნები არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებს. ალიანსში, მოგეხსენებათ, მთელი ქვეყანა წევრიანდება და არა მხოლოდ მისი თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები. მეორე კი არის ის, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს უნდა მოხდეს სრული კონსენსუსით. ამიტომ, ახლა ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. მან უნდა გაატაროს ყველა რეფორმა, რომელიც მიზნად დაისახა. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე სფეროში საქართველომ ტემპი დააგდო და გვინდა, რომ ეს ტემპი ისევ აჩქარდეს. განსაკუთრებით ეს ეხება უსაფრთხოების სექტორის კონტროლს, მართლმსაჯულებასა და საარჩევნო რეფორმას. ამას ხაზი გაუსვეს მოკავშირეებმაც, რომ ამ სფეროებში უფრო აქტიური მუშაობის დანახვა სურთ. რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხებს, ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ ქვეყანა ვერ შეუერთდება ალიანსს, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოკავშირეებმა უნდა მიიღონ", - თქვა ალექსანდრ ვინიკოვმა.

ცნობისთვის, განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე საუბრისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დათქმა ალიანსს არ აქვს, სწორედ ამიტომ, ოპოზიცია თვლის, რომ პრემიერმინისტრის განცხადება ოკუპაციის წახალისება და NATO-ზე უარის თქმაა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი