რატომ ჩამორჩება საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას? | The Economist-ის სტატია

გამოქვეყნდა:

ბრიტანული გამოცემა The Economist საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა იმ პრობლემებზე წერს, რის გამოც ქვეყანას, უკრაინისა და მოლდოვასგან გასხვავებით, კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.

სტატიაში წერია, რომ ევროკავშირს ნაკლებად აწუხებს საქართველოს ეკონომიკა, თუმცა პოლიტიკა კვლავ პრობლემად რჩება. "ბოლო წლებში დემოკრატიის უკუსვლა ბლოკის ლიდერებში შეშფოთებას იწვევს", - ვკითხულობთ სტატიაში. 

სტატიაში საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზეც. მედიასაშუალება წერს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დეოლიგარქიზაციაა:

"ეს შესაძლოა, ეხებოდეს ბიძინა ივანიშვილის, მილიარდერს და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელმაც ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში მოიპოვა. ის ამტკიცებს, რომ პოლიტიკიდან წავიდა, 2021 წელს თქვა, რომ აღარ არის მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თავჯდომარე. თუმცა მასთან კავშირში მყოფი პირები კვლავ ძალაუფლებაში არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოდესღაც მისი დაცვის უფროსი იყო", - წერია სტატიაში.

სტატიაში ასევე წერია, რომ საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც საქართველოს სტატუსი არ მიანიჭეს. ავტორი წერს, რომ "ქართული ოცნება" ერთდროულად ცდილობდა საქართველოს ევროპული ამბიციების დამტკიცებასა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას:

"2013 წელს პროდასავლური პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შემდეგ, ბატონი ივანიშვილი და ქართული ოცნება ერთდროულად ცდილობდა საქართველოს ევროპული ამბიციების დამტკიცებასა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. მთავრობა უარყოფს კრემლის ყოველგვარ გავლენას, მაგრამ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უფრო გაურკვეველია, ვიდრე უკრაინის ან მოლდოვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმეტესობა მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მთავრობამ უარი თქვა დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოსთვის 
მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისთვის, ამტკიცებენ, რომ ეს გამოიწვევს დიდ ზიანს ეკონომიკისთვის", - ვკითხულობთ სტატიაში.

გარდა ამისა, სტატიაში საუბარი შეეხო დემონსტრაციებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გაიმართა. გამოცემა ასევე წერს, რომ ამ დროისთვის საქართველოსთვის პროგრესის შანსი მცირეა:

"ევროკავშირს საქართველოს წევრობისთვის კარი არ დაუხურავს. თუმცა პრო-ევროპელი აქტივისტები შიშობენ, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ნება, დისტანცირდეს ივანიშვილისგან, დააზუსტოს თავისი პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით და გაატაროს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის 
კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. 20 ივნისს, კომისიის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების გამოცხადების შემდეგ, დაახლოებით 120 000 დემონსტრანტი გამოვიდა საქართველოს პარლამენტთან, ამას კიდევ ერთი პროტესტი მოჰყვა 24 ივნისს, როცა კანდიდატურაზე უარის თქმის გადაწყვეტილება დაადასტურეს ევროკავშირის ლიდერებმა და კიდევ ერთი 3 ივლისს. ბლოკი გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ დეკემბრისთვის გადახედავს. ამ დროისთვის პროგრესის შანსები მცირეა", - წერია სტატიაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი