BBC-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს. მედია წერს, რომ ის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩება.
მედია წერს, რომ ჯონსონი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯაროდ დღეს მოგვიანებით განაცხადებს. წყარო ამბობს, რომ ჯონსონი ესაუბრა სერ გრეჰემ ბრედის, 1922 წლის კონსერვატიული კომიტეტის თავმჯდომარეს, რათა ეცნობებინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
"პრემიერ-მინისტრი ესაუბრა გრეჰემ ბრეიდს და დათანხმდა დროულად დატოვოს თანამდებობა, რათა ახალი ლიდერი დაინიშნოს კონფერენციაზე ოქტომბერში", - ამბობს წყარო.
ჯონსონის გადადგომის შესახებ ინფორმაციას "სქაი ნიუსიც" ავრცელებს.
სამშაბათიდან 50-ზე მეტმა მინისტრმა დატოვა მთავრობა. ჯონსონმა თავდაპირველად უარი თქვა ბრძოლის გარეშე წასვლაზე, თუმცა დღეს წყაროების განცხადებით, გადადგომაზე გადაწყვეტილება მიიღო.