"ქართული ოცნებიდან" ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატი, მიხეი ყაველაშვილი ამერიკის ელჩს წერილით მიმართავს. მისი განცხადებით, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა "ეფესბეს" სახელმძღვანელოებში, არამედ აშშ-სგან დაფინანსებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ.
"ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ.
რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია", - წერს ყაველაშვილი.
მისივე განცხადებით, ამასთან პირდაპირ კავშირშია აქციები, რომლებსაც, ყაველაშვილის აზრით, იგივე ხალხი აორგანიზებს, რომლებიც "ომის რიტორიკით გამოირჩეოდნენ, სანქციებთან მიერთებისა და თვითმფრინავის ბორტების გაშვებისკენ მოგვიწოდებდნენ და ამ მოთხოვნებით, თებერვალ-მარტში საპროტესტო აქციებსაც აორგანიზებდნენ".
"ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებით იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც თქვენ აფინანსებთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი გაქვთ. როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია, ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნასაც საჯაროდ და მკაფიოდ გაემიჯნოთ, რომ ქართველმა ხალხმა ამერიკაზე ცუდი არ იფიქროს", - წერს ყაველაშვილი.
იხილეთ ასევე: