სააპელაციო სასამართლო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვას იწყებს. პირველი სხდომა 19 ივლისს გაიმართება. ნიკა გვარამიას პოლიტიკურ საქმეზე სასამართლოს მეორე ინსტანციამ პროცესი უჩვეულოდ მოკლე დროში ჩანიშნა იმ დროს, როცა ვადა 10 აგვისტომდე ჰქონდა.
ადვოკატებს აქვთ მოლოდინი, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს და სააპელაციო სასამართლომ გამოასწოროს.
ძალიან კარგია პროცესის ასე მოკლე ვადაში ჩანიშვნა და რეალურად, აქ გამოჩნდება, სააპელაციო სასამართლოში, ხელისუფლების რიტორიკა, რომ ისინი აპირებენ შეასრულონ ევროკავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ძალიან ნათლად გამოჩნდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აპირებს თუ არა ხელისუფლება გააგრძელოს მართლმსაჯულების ორგანოების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც ბუნებრივია ნიშნავს საქართველოს ევროპული იდეის დასამარებას, - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.