ქართულ ოცნებას ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილიც გამოეყო. წასული დეპუტატების მსგავსად კუბლაშვილიც აშშ-ს ელჩს აკრიტიკებს და წერს, რომ "თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს".
"ვიცი რა დღეშიც არიან ჩვენი პარტიის ლიდერები, როგორ იბრძვიან ამ ქვეყნისთვის, რას უძლებენ და რა სირთულეები აქვთ იმის მიღმა, რაც ტელევიზორში ჩანს.
რუსეთისკენ გამხედავი ეგ ხალხი, ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა თავის ცხოვრებაში არ არის (თუ ნაცები არ დაბრუნდნენ და გინებ-გინებით ისევ რუსების საქმე არ აკეთეს) და დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს.
ფაქტი ერთია, ასეთი დამოუკიდებელი ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა და არ მინდა ამისთვის დაისაჯოს!!!
ქართველებმა ზუსტად ვიცით ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს. ეს სათქმელია და ამისი თქმა მარტივი არ არის. არც ჩემგან გამოდის თუ ამ გუნდში დავრჩი.
ამიტომ ვუერთდები ჩემი პატივცემული კოლეგის მოწოდებას და ვტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც. ეს არ არის არც მარტივი, მაგრამ არც ემოციური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა.
რასაც ვხვდები, ვინც პირველად ეს ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, ღმერთმა არ ქნას, რომ მათ რაც იციან, ყველაფრის თქმა დასჭირდეთ. თუ მაინც საჭირო გახდა, მეც მათ გვერდით ვიქნები!", - წერს საბა კბილაშვილი.
დღეს მსგავსი შინაარსის განცხადებები გაავრცელეს ლაგოდეხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს წევრებმაც.
8 ივლისს, მმართველი გუნდიდან ფორმალურად წამოსულმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს წერილი მისწერა, რომელშიც მოუწოდებდა, "ამერიკის იმიჯის დასაცავად" გამიჯვნოდა "ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს".
პასუხად კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით". ელჩმა აღნიშნა, რომ წერილი ბოლომდე არც კი წაუკითხავს. დეგნანის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდეს მოქმედმა და წასულმა დეპუტატებმა. ბოლო რამდენიმე დღეა მათი მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები ვრცელდება.