დაძლიეთ შიშები, ემსახურეთ სიმართლეს და არა ოლიგარქს - მაიკლ გალერი ნიკა გვარამიას სააპელაციო საქმის მოსამართლეებს

გამოქვეყნდა:

ხმამაღალი გზავნილი ქართველი მოსამართლეებისთვის - ემსახურეთ სიმართლეს და არა ოლიგარქს; გააკეთეთ ის რაც სამართლიანია და არა ის, რასაც გიბრძანებენ. ამ სიტყვებით ევროპარლამენტარი მაკლ გალერი კონკრეტულად იმ მოსამართლეებს მიმართავს, ვინც 19 ივლისს ნიკა გვარამიას სააპელაციო სარჩელის განხილვას დაიწყებს. 

მთავარი არხის გენერალური დირექტორის პოლიტიკური პატიმრობის თემაზე ბრიუსელში ევროპელ პოლიტიკოსებს ნიკა გვარამიას მეუღლე და მთავარი არხის იურისტი ხვდებიან. კონსულტაციები თითქმის ერთი კვირა გაგრძელდება და საბოლოოს ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართულ სასამართლოს შესაძლოა საერთო წერილით მიმართონ.

პირველი განცხადებები კი თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ დამცველს ეკუთვნის. მაიკლ გალერი დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტების დევნა და სასამართლოს პოლიტიკური მორჩილება დაუშვებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის. მიმართვის ადრესატი, რომელიც ფორმალურად მოსამართლეებს ეკუთვნის, რეალურად ბიძინა ივანიშვილია. 

"ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც აშკარად შეთითხნილია და არც სასამართლოს სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენება მმართველი პარტიის მიერ. ეს პრობლემაა და ამიტომ ჩვენი გზავნილი მკაფიოა. კანონი უნდა იყოს უზენაესი და მმართველი პარტია ან ჩრდილში მყოფი ადამიანები არ უნდა მართავდნენ სასამართლოს. 

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რა ეჭვებია ჩვენი მხრიდან და ასევე რა მოთხოვნებია. მე არ მინდა ახლა სპეკულირება, თუ როგორი იქნება შედეგი. ივანიშვილსა და ნიკას შორის არიან მოსამართლეები და მათაც უნდა იფიქრონ, როგორი მომავალი უნდათ რომ ჰქონდეთ დემოკრატიულ საქართველოში, რომელიც მტკიცედ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. მათაც უნდა აჩვენონ ყველას, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. მესმის, რომ მათ შეიძლება ეშინოდეთ ამის, მაგრამ ეს შიშები უნდა დაძლიონ. მოსამართლემ უნდა გააკეთოს ის, რაც სამართლიანია და არა ის, რასაც უბრძანებენ და მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ მოსამართლეებს, რომ სიმართლეს ემსახურონ და არა ოლიგარქს, რომელიც ანაქრონიზმად იქცა თანამედროვე საქართველოში." ამბობს ევროპარლამენტარი "მთავარ არხთან"

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 19 ივლისს ჩაინიშნა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი