ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშის წარდგენისას ესტონელმა ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ რეზოლუცია მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატის სტატუსი რეფორმების განხორციელების შემდეგ მივიღოთ.
მისი განცხადებით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ნაჩქარევმა და არაგამჭვირვალე ქმედებებმა საკვანძო თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნისას უფრო გააღრმავა შეგრძნება, რომ მართლმსაჯულება პოლიტიზებულია.
"მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე საკვანძო ელემენტს ამ რეზოლუციის პროექტიდან, რეზოლუცია მისალმება ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას, რომ მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა საქართველოს და აღნიშნავს, რომ ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს მნიშვნელოვანი რეფორმები იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც ევროკომისიამ წამოაყენა, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. რეზოლუციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დამახასიათებელ თვისებად და აღნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი საგზაო რუკა საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად. რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს მართლმსაჯულების რეფორმების გატარების აუცილებლობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას პრობლემები, რომლებიც იდენტიფიცირებული იყო ვენეციის კომისიის მიერ, რომელიც ეხება მოსამართლეებისა და გენერალური პროკურორების დანიშვნას.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ნაჩქარევმა და არაგამჭვირვალე ქმედებებმა საკვანძო თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნისას უფრო გააღრმავა შეგრძნება, რომ მართლმსაჯულება პოლიტიზებულია, ასევე აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაინიშნნენ მანამ, სანამ აღმოფხვრილი იქნებოდა ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები ამ მიმართულებით", - აღნიშნა მიქსერმა.
მისივე განცხადებით, გასული წლის სექტემბერში საქართველომ მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ნაწილი, 75 მლნ დოლარი სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გაუტარებულობის გამო ვერ მიიღო.
"რეზოლუციაში, ასევე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას საგულდაგულოდ გამოიძიოს მასობრივი მოსმენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ სექტემბერში და ასევე ხაზს უსვამს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებელი კონტროლის მნიშვნელობას", - თქვა მან.
რეზოლუცია შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, ომბუდსმენის დადებით როლს ადამიანის უფლებათა გაძლიერების საქმეში.