აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ სხვის ნაცვლად ვერ გასცემს პასუხს. დიპლომატი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.
კითხვაზე: რატომ გაუქმდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამართლის ვიზიტი ის პასუხობს:
"მე ამ კითხვას სხვის ნაცვლად ვერ გავცემ პასუხს, მოსამართლის ნაცვლად, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენი პროგრამები არის ღია მათ შორის სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებისთვის, ვისაც აქვთ სურვილი რომ დაუკავშირდნენ თავის კოლეგებს აშშ-ში, მოხდეს იდეების, გამოცდილების გაცვლა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამა განხორციელდა და ეს იყო სასარგებლო როგორც ქართველი , ისე ამერიკელი მოსამართლეებისთვის და ჩვენი პროგრამები კვლავ ღიაა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს" თქვა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს, სადაც ჩხიკვაძე ადასტურებს, რომ სწორედ ამ საქმის განაჩენის შემდეგ ამოიღეს ის აშშ-ში წამსვლელთა სიიდან.
მისი თქმით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და რატომ გამოიყენა სასჯელად პატიმრობა.