"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუშვილი, რომელიც შვილთან და ადვოკატ, თამთა მურადაშვილთან ერთად ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავდა, თბილისში დაბრუნდა.
სოფო ლილუაშვილმა ნიკა გვარამიას საქმის ადვოკატ, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე ისაუბრა და თქვა, რომ სასამართლო თავისი ამ განცხადებით ადასტურებს, რომ ის არის კლანის წევრი.
"სასამართლო თავისი ამ განცხადებით ადასტურებს, რომ ის არის კლანის წევრი. პრაქტიკულად მოუწოდა პირველმა ინსტანციამ მეორე ინსტანციას, რომ ძალაში დატოვოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო.
გალერის განცხადებას რაც შეეხება, ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ჩარევა ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაში, მგონია, რომ ეს არის მეგობრული რჩევა. რა მაგალითიც გვქონდა ბატონი ჩხიკვაძის შემთხვევაში, გარკვეულწილად არის ნიშანი და გაფრთხილება იმისა, რომ ის ადამიანები, როგორც ბატონმა გალერიმ აღნიშნა, რომლებიც დგანან ბატონ ბიძინასა და პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას შორის, იყვნენ ფრთხილად.
გადაწყვეტილებაზე ვერაფერს მოგახსენებთ, სამწუხაროდ, არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ ეს პროცესი არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც ოლიგარქმა დაიწყო 10 წლის წინ",- ამბობს სოფო ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს, სადაც ჩხიკვაძე ადასტურებს, რომ სწორედ ამ საქმის განაჩენის შემდეგ ამოიღეს ის აშშ-ში წამსვლელთა სიიდან.
მისი თქმით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და რატომ გამოიყენა სასჯელად პატიმრობა.