სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ცოლი, თეა მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ გოგაშვილი სსკ-ის სამი მუხლით დააკავეს, მათ შორის არის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილი (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) და 236-ე მუხლი (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა).
გოგაშვილის ცოლის თქმით, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა გოგაშვილს იარაღი ჩაუდეს.
"შევარდნენ ოთახში, ამ დროს მივყვებოდი, რას აკეთებთ-მეთქი, ჩემი თვალით დავინახე, ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი. გამოხსნეს კარადა და კალაშნიკოვი [დადეს] როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს 2 იარაღი უკანონო ჰქონდა. შევეწინააღმდეგე და ღამბაშიძემ მომკიდა ხელები, დაუძახა ბიჭებს, აქ რა უნდა, რატომ ამოიყვანეთო. ხელები მტკივა, გავხდი ცუდად", - თქვა თეა მარტყოფლიშვილი.
ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით არ განუმარტავთ, რა მუხლით არის დაკავებული სოსო გოგაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს მხოლოდ ის თქვეს, რომ დაკავება "არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება".
გარდა ამისა, თეა მარტყოფიშვილი ჟურნალისტებთან ყვება, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა სოსო გოგაშვილსა და ოჯახის სხვა წევრებზე ფიზიკურად იძალადეს. როგორც მარტყოფიშვილი ამბობს, ჩხრეკისას ამოიღეს მეხსიერების ბარათები, დისკები და ლეპტოპები.
ცნობისთვის, სპეცოპერაცია გოგაშვილის სახლში გვიან ღამით დაიწყო და იქ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების კადრები მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გაავრცელა.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.
ამავე თემაზე: